Tag Archives: ნაღები

მასკარპონეს მომზადება სახლის პირობებში

aaa

მაღაზიებში მასკარპონეს მოძებნა საკმაოდ რთულია, თანაც საკმაოდ ძვირი ღირს. მასკარპონეს მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება ცხიმიანი ნაღების გამოყენებით.

თავისთავად, მასკარპონეს მომზადების პროცედურა რთული არაა, მაგრამ ზოგჯერ სასურველი შედეგის მიღება ჭირს, თუნდაც მომზადების ყველა წესი ზედმიწევნით დაიცვათ. აქ მთავარია, მოახერხებთ თუ არა საჭირო კონსისტენციის ნაღების პოვნას 😉 ნაღების ცხიმიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული მასკარპონეს ხარისხიც.

მაღალი ცხიმიანობის ნაღები ნაკლებ შრატს გამოყოფს. იმისთვის, რომ მასკარპონე მომზადდეს, ნაღების ცხიმიანობის მაჩვენებელი 30-35 მაინც უნდა იყოს. გარდა ამისა ნაღები უნდა იყოს პასტერიზებული, მაგრამ არა ულტრა-პასტერიზებული. 

თუ სახლში კარგი მასკარპონე გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ტირამისუ ან რაიმე სხვა სასუსნავი. მზა ყველს შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი და პილპილიც კი, თუ მისგან ნამცხვრის მომზადებას არ აპირებთ.

ინგრედიენტები:

1 კგ ცხიმიანი ნაღები (35%-იანი)

2 ს.კ. ლიმონის ახლადგამოწურული წვენი (ზოგი იყენებს 1/2 ჩ.კ. ღვინის მჟავას)

საჭირო ჭურჭელი:

დაგჭირდებათ ლითონის თუშფალანგი და მასზე ოდნავ დიდი დიამეტრის ქვაბი. ასევე საჭიროა 3-4 მ დოლბანდი, რომელიც ხუთად უნდა გაკეცოთ. ასევე დაგჭირდებათ სპეციალური თერმომეტრი ნაღების ტემპერატურის გასაზომად.

მომზადება: 

ქვაბში მოათავსეთ ნაღები და დადგით გაზქურაზე (ძალიან დაბალ ტემპერატურაზე). მუდმივად ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ტემპერატურამ არ უნდა გადააჭაებოს 90 გრადუსს. იდეალურია 88 გრადუსი. დაუმატეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი და დატოვეთ გაზქურაზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში. მუდმივად მორევა აუცილებელია, რომ ნაღები არ დაიწვას ან ქვაბმა არ მიიკრას.

გადმოიღეთ ნაღები გაზქურიდან და გააგრილეთ 30-40 წუთის ფანმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.

ფართო ქვაბი დადგით მაგიდაზე, მოარგეთ თუშფალანგი. დააფინეთ ხუთად გადაკეცილი დოლბანდი, რომელზეც მოთავსდება გაცივებული ნაღები.

ნაღებს ყველა მხრიდან კარგად შემოახვიეთ დოლბანდი და შეკარით. ზემოდან დაადეთ თეფში და რაიმე მძიმე საგანი (3-4 კგ), რომ ნაღები კარგად დაიტკეპნოს.

ნაღები ამგვარ მდგომარეობაში უნდა დარჩეს 12-14 საათის განმავლობაში უნდა დატოვოთ გრილ ადგილას. ამ ხნის განმავლობაში შრატი მთლიანად ჩამოიწურება და დარჩება ნაზი მასკარპონე.

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

მზა პროდუქტი შეინახეთ მაცივარში. შეეცადეთ მალე გამოიყენოთ, რადგან დიდი ხანი არ ინახება.

გემრიელად მიირთვით!

ტრაიფლი ბანანით

98

ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

  • 250 მლ რძე
  • 2 ს.კ. ვანილის შაქარი
  • 2 ჩ.კ. სახამებელი (უმჯობესია სიმინდის)
  • 3 კვერცხის გული
  • 150 მლ ნაღები (საშუალო ცხიმიანობის)
  • 2 ბანანი
  • 130 გ ბისკვიტი
  • 100 მლ ცივი ყავა
  • 2 ს.კ. კონიაკი

მომზადება:

200 მლ რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. დარჩენილი რძეს შეურიეთ სახამებელი, ვანილის შაქარი და კვერცხის გული; კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა ჩაასხით ცხელ რძეში. ხარშეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, თან მუდმივად ურიეთ, სანამ ნარევი არ შესქელდება.

კრემი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე და შეაგრილეთ. 

ნაღები ათქვიფეთ მიქსერით; ბანანი დაჭერით თხელ რგოლებად; ყავას შეურიეთ კონიაკი და მოასხით ბისკვიტს.

მაღალ ბოკალში ჩაალაგეთ ინგრედიენტები შემდეგი თანამიმდევრობით: ჯერ ბისკვიტი ყავა, შემდეგ ვანილის კრემი, ბანანები და ნაღები. გაიმეორეთ ფენები კიდევ ერთხელ (თუ ბოკალი საშუალებას გაძლევთ). ბოლო ფენას მოაყარეთ თხლად დაჭრილი მიწის თხილი ან ნუში და ყავის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!