Category Archives: სასმელი

იტალიური ლიქიორი ლიმონჩელო

5 ეს ლიქიორი იოლი მოსამზადებელია და ძალიან სასიამოვნო დასალევია ცხელ დღეებში. ტრადიციულად  ლიმონჩელოს მოსამზადებლად საჭიროა ლიმნის ცედრა (თეთრი ნაწილის გარეშე, რომელიც სასმელს უსიამოვნო მწარე გემოს სძენს), მარცვლეულის ალკოჰოლი და უბრალო სიროფი. რაც შეეხება სიროფს. სიტკბო გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ან მოაკლოთ. ზოგი ლიმონჩელოს საყინულეში ინახავს, რადგან ალკოჰოლიანი მიქსტურა ბოლომდე არ იყინება. მძიმე საჭმლის შემდეგ ჭიქა ლიმონჩელო საკმაოდ სასიამოვნო დასალევია. ასევე ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებულ კერძებსაც. საკუთრივ სასმელის მომზადებას მთლიანობაში 10-15 წუთზე მეტი არ სჭირდება, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად ორი კვირის ფანმავლობაში უნდა შეინახოთ გრილ ადგილას. ინგრედიენტები:

  • 15 ლიმონის ცედრა
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ლ ხორბლის არაყი დანამატების გარეშე
  • 4 ჭიქა შაქარი (შეგიძლიათ მოაკლოთ ან დაუმატოთ, გემოვნების მიხედვით)
  • 4 ჭიქა წყალი

მომზადება: ლიმონსა და ფორთოხალს ფრთხილად მოათალეთ ცედრა და ჩაყარეთ ფართო თავსახურიან ბოთლში. დაასხით ალკოჰოლი. დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ათი დღის ან 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ მიღებული მიქსტურა წმინდა საწურით და დააბრუნეთ სითხე ბოთლში. მოამზადეთ სიროფი: ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. დროდადრო ურიეთ. გააგრილეთ სიროფი ოთახის ტემპერატურაზე, შეურიეთ ლიმნის მიქსტურას და კარგად აურიეთ. შეამოწმეთ სიტკბო და შეინახეთ სასმელი მაცივარში. 😉

ნოჩინო – ტრადიციული იტალიური სასმელი

3333

ნოჩინო არის იტალიური ლიქიორი, რომელიც მზადდება ნიგვზის ლებნებისგან ალკოჰოლისა და სანელებლების დამატებით.

ამ ტრადიციული სასმელის მომზადებას იტალიელები, ჩვეულებრივ, ივნისში იწყებენ – ეს ის დროა, როცა კაკალი იწყებს შემოსვლას.  ჩვენთან, საქართველოში კაკლის დაკრეფისთვის საუკეთესო დრო 23 ივნისამდეა. სასმელი მზადდება მაღალპროცენტიანი ხორბლის არაყით.

ნოჩინო არ არის სასმელი, რომლითაც  მაინცდამაინც უნდა დათვრეთ – ის უნდა მიირთვათ სადილის შემდეგ, ლიქიორის პატარა ჭიქით 😉

კიდევ ერთი – თუ მოთმინება არ გყოფნით, სჯობს საერთოდ არ მოჰკიდოთ ხელი ამ ლიქიორის დამზადება, რადგან საუკეთესო შედეგის მისაღებად მისი ერთი წლით დაყენებაა საჭირო.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი კაკლის ლებნები უღლებით
  • 3 დარიჩინის ჩხირი
  • 5 მიხაკი
  • 2 ანისულის ვარსკვლავი
  • ვანილი
  • 1 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 ლიტრი არაყი

მომზადება:

კაკლის ლებნები დაჭერით ორ ნაწილად ბასრი დანით. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან წენგოს მოცილება ძალიან რთული იქნება.

ფართოთავიან კონტეინერში ჩაყარეთ კაკალი, ცედრა, სანელებლები და შაქარი, დაასხით არაყი, დაახურეთ თავი და კარგად შეანჯღრიეთ.

შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილზე ექვსი კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად მოურიეთ ან შეანჯღრიეთ.

6 კვირის შემდეგ სითხე გადაწურეთ საწურში. ჩამოასხით სასმელი თავსახურიან ბოთლებში და შეინახეთ ისევ ბნელ, გრილ ადგილას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. საუკეთესო შედეგის მისაღებად კი, როგორც აღვნიშნე, ერთი წელია საჭირო.

მოთმინებას გისურვებთ 😉 😉 😉

333