Category Archives: კვება და დიეტა

თაფლის სამკურნალო თვისებები

ადამიანის ორგანიზმში წარმოებული ენერგიის ნახევარზე მეტი საკვებთან ერთად მიღებული ტკბილი ნივთიერებების ხარჯზე წარმოიქმნება, თუმცა სიტკბოს სხვადასხვა სახეობას ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს. გლუკოზა სისხლში ყოველგვარი გარდაქმნების გარეშე ხვდება (გლუკოზის პირდაპირ სისხლში შეყვანა მრავალი დაავადების მკურნალობისას არის მისაღები), ჩვეულებრივმა შაქარმა  (ჭარხლის და ლერწმის) კი ფერმენტების დახმარებით ჯერ ჰიდროლიზის (გახლეჩვის) პროცესი უნდა გაიაროს.

ფრუქტოზას ორგანიზმი გლუკოზაზე გაცილებით ნელა ითვისებს, თუმცა ის გლუკოზაზე 2,5-ჯერ და ლერწმის ან შაქრის ჭარხალზე 1,75-ჯერ ტკბილია.

Honey-2თაფლი მთლიანად გლუკოზისა და ფრუქტოზის, ასევე რიგი ფერმენტების ნარევისგან შედგება, რომლებიც უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ცხოველქმედებისთვის არის აუცილებელი. თაფლის შემადგენლობაშია ასევე: კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ქლორი, ფოსფორი, იოდი, გოგირდი. თაფლის ზოგიერთი სახე რადიუმსაც კი შეიცავს.

საინტერესოა, რომ თაფლის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი მინერალური მარილის ოდენობა იმდენივეა, რამდენიც ადამიანის სისხლის შრატში. თაფლის სპექტრალური ანალიზი ადასტურებს, რომ თაფლში შედის ასევე მარგანეცი, ალუმინი, სილიციუმი, ბორი, ქრომი, სპილენძი, ლითიუმი, ნიკელი, სპილენძი, კალა, ტიტანი და თუთია.

Honey-4თაფლში არის ასევე ორგანული მჟავები – ვაშლის, ღვინის, ლიმონის, რძის და მჟაუნმჟავა, ასევე ცილები და ვიტამინები. მასში შედის ბიოგენური სტიმულატორები, რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედებასა და წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს.

თაფლში შედის B2, B6, H და K ვიტამინები, პანთოტენისა და ფოლიუმის მჟავა. მართალია, ამ ვიტამინების შემცველობა თაფლში ძალიან მცირეა, მაგრამ მათი მნიშვნელობა ამით არ კნინდება, რადგან ზემოთაღნიშნული ნივთიერებები ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან სხვა ნივთიერებებთან შედის რეაქციაში.

Honey-6ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თაფლის ანტიბაქტრიულ თვისებებს.

არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ძველი ეგვიპტელები და ბერძნები გვამების კონსერვაციისთვის ფუტკრის თაფლს იყენებდნენ. XII საუკუნის არაბმა ექიმმა და მოგზაურმა აბდალ-ლატიფამ გიზეს ერთ-ერთ პირამიდაში მჭიდროდ დახუფული თაფლიანი ჭურჭელი იპოვა, რომელშიც ჩვილის სრულიად უვნებლად შენახული გვამი იყო მოთავსებული.

Honey-7ცნობილია, რომ ლაშქრობისას დაღუპული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარიც მაკედონიის დედაქალაქში გადასასვენებლად თაფლში იქნა ჩადებული, რათა ხანგრძლივი გზის განმავლობაში მისი გახრწნისთვის შეეშალათ ხელი.

ასეთივე მეთოდი იქნა გამოყენებული უძველესი მეფეების აგეზიპოლისისა და აგეზილაის და იუდეის მეფის არისტობულის გვამების კონსერვაციისას.

Honey-8ძველი ბერძნები და რომაელები ფუტკრის თაფლს ახალი ხორცის კონსერვირებისთვისაც იყენებდნენ. ამ მეთოდით ხორცი არა მხოლოდ სიახლეს ინარჩუნებდა, თავის ბუნებრივ გემოსაც არ იცვლიდა. მხოლოდ თანდათანობით კარგავდა წყალს, რომელსაც თაფლი ისრუტავდა.

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებების შესწავლა თეთრ თაგვებზე ცდებით ხდებოდა, რომლებსაც სტრეპტოკოკით აინფიცირებდნენ. ცდებმა დაადასტურა, რომ თაფლის სახვევის გამოყენება ბაქტერიების ზრდას აჩერებს და საბოლოოდ ანადგურებს მათ.

Honey-5ამ მოვლენას სხვადასხვა განმარტება მიეცა. ზოგი თაფლში არსებული შაქრისმაღალი კონცენტრაციით ხსნის მის ანტიბაქტერიულ თვისებას, ზოგი კი ფერმენტებისა და შაქრის შეხამებით. მკვლევართა კიდევ ერთმა ჯგუფმა თაფლში ანტბაქტერიული ნივთიერებები – ინჰიბიტორები (ლათინურ სიტყვიდან „ინჰიბიო“ – შეჩერება, ჩახშობა) აღმოაჩინა.

Honey-9საინტერესო ფაქტია, რომ მრავალი საკვები პროდუქტისგან განსხვავებით, თაფლი არასდროს ობდება. მიუხედავად მის შემადგენლობაში არსებული ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური და სხვა ნივთიერებებისა, რომლებიც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედის არსებობისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი, თაფლში სპეციალურად შეყვანილი ობის სოკოები იღუპება.

Advertisements

თაფლის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები

თხევადი თაფლის ასაკის განსაზღვრისთვის მასში უნდა ჩადოთ კოვზი და მოურიოთ. ახალგაზრდა თაფლი კოვზიდან იოლად ჩამოდის, ხოლო უკვე მომწიფებული კოვზზე ლენტის მსგავს ფენებად ეხვევა.

თხევადი, ჩაუშაქრებელი თაფლიდან სინჯი რაიმე წვრილი ღერის ჩაშვებით აიღეთ. თუ თაფლი ნამდვილია, ის ქვემოთ უწყვეტ ძაფად ჩამოეშვება, გაწყვეტილი ძაფი კი ზედაპირზე კოშკის, პაგოდის ფორმით დაეცემა და შემდეგ ნელ-ნელა, ზედაპირის ფორმის მიხედვით გასწორდება.

ფალსიფიცირებული თაფლი კი წებოსავით მოიქცევა: ღეროდან მსხვილ, წყვეტილ ნაკადებად ჩამოწვეთავს და შხეფებსაც გაყრის.

ახალგაზრდა, უკვე მოწეული თაფლი კოვზიდან მსხვილ, უწყვეტ ნაკადად ჩამოდის.

recognize-good-honey-4ხარისხიანი თაფლი არ უნდა ქაფდებოდეს. ქაფი დუღილზე ანუ გაფუჭებაზე მიუთითებს. ნატურალური თაფლი კი არ შეიძლება ადუღდეს, რადგან ის ბაქტერიციდულია. (თაფლისგან სპირტიანი სასმელის მისაღებად მას წყალში ურევენ და დუღილამდე ისე მიყავთ. გაცხელებისას თაფლი ბაქტერიციდულობას კარგავს და შეიძლება ადუღდეს).

დროთა განმავლობაში თაფლი იმღვრევა და სქელდება (შაქრდება) – ეს კარგი ხარისხის ნიშანია. თაფლი თხევად მდგომარეობაში, როგორც წესი, მხოლოდ ზაფხულში (ივლისი-აგვისტო), მისი სკებიდან ამოღების პერიოდშია. მაქსიმუმ 1-2 თვის შემდეგ, სორტის შესაბამისად, თაფლი კრისტალდება.

recognize-good-honey-3ამიტომ თუ ზამთარში ან გაზაფხულზე გასაყიდად თხევადი თაფლი შეგხვდათ, ე.ი. ის ან გაცხელებულია ან ფალსიფიცირებული. უნდა გახსოვდეთ, რომ +400C-მდე და ზემოთ გაცხელებისას თაფლი ძირითად სასარგებლო თვისებებს კარგავს და უბრალო ტკბილ ფრუქტოზა-გლუკოზის სიროფად იქცევა.

ჩაშაქრებულ ნატურალურ თაფლში ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია და მისი გაცხელება ან ცხელ საჭმელსა თუ სასმელში ჩამატება არასასურველია.

recognize-good-honey-6ყველაზე ხშირად ნამდვილი თაფლი სკიდან ამოღებიდან 2-3 კვირაში შაქრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის ბოლო ამოღება დაახლოებით სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში ხდება, ნატურალური თაფლი 20 ოქტომბრისთვის უკვე ჩაშაქრებული უნდა იყოს. გამონაკლისია თეთრი აკაციის თაფლი, რომელიც დიდხანს, ხანდახან გაზაფხულამდეც არ კრისტალდება და მანანის თაფლი, რომელიც რკინის მაგვარ მასად იქცევა.

ხანდახან შენახული თაფლის ქვედა ფენა კრისტალდება, ზედა კი სიროფის მსგავსი ხდება, რაც ნიშნავს, რომ თაფლი მოწეული არ არის და მასში წყალი დიდი ოდენობით შედის.

თაფლი უნდა გასინჯოთ სუნით და გემოთი. ფალსიფიცირებულ პროდუქტს, როგორც წესი, სუნი არ აქვს. ნამდვილი თაფლი კი სურნელოვანი არომატით ხასიათდება. მის სუნს ვერაფერს შეადარებთ. შაქრიან თაფლსაც არ აქვს სუნი, გემოთი კი დამტკბარ წყალს გავს.

recognize-good-honey-8თაფლში სახამებლის შემცველობის დადგენისთვის ჭიქაში ცოტა თაფლი ჩადეთ, დაასხით მდუღარე წყალი, მოურიეთ და გააცივეთ. ამის შემდეგ ჩააწვეთეთ წყალში რამდენიმე წვეთი იოდი. თუ სითხე გალურჯდება, ე.ი. თაფლში სახამებელია დამატებული.

სახამებლის აღმოჩენა თაფლში ნიშადურის სპირტითაც შეიძლება, რომელიც უნდა ჩააწვეთოთ წინასწარ დისტილირებულ წყალში (პროპორციით 1:2) გახსნილ თაფლში. ნარევი თეთრი ფერის და ნალექიანი გახდება.

ცარცის მინარევს აღმოაჩენთ, თუ დისტილირებულ წყალში გახსნილ თაფლს რამდენიმე წვეთ ძმარს დაუმატებთ. თუ ნარევში ცარცია, ნახშირმჟავა აირის გამოყოფის შედეგად სითხე წამოდუღდება. შეგიძლიათ თაფლზე ძმარი ან რაიმე სხვა მჟავა უბრალოდ დაასხათ და თუ თაფლი „წამოდუღდა“, ე.ი. მას ცარცი ურევია.

recognize-good-honey-2თაფლში საქაროზის (შაქრის) არსებობის დასადგენად გახსენით ის ცხელ, დისტილირებულ (უკიდურეს შემთხვევაში ადუღებულ) წყალში, პროპორციით 1:2 საკმარისად თხევადი ნარევის მიღებამდე. ნარევი ჯერ მექანიკური მინარევებზე შეამოწმეთ – ნატურალური თაფლის ხსნარი აუცილებლად სრულიად გამჭვირვალე იქნება, ნალექისა თუ ზედაპირზე მექანიკური მინარევების გარეშე. შემდეგ აკურატულად ჩააწვეთეთ სითხეში აზოტმჟავა ვერცხლის ხსნარის რამდენიმე წვეთი და რეაქციას დააკვირდით. თუ თაფლში შაქარი არ არის, სითხე არ აიმღვრევა. საწინაამდეგო შემთხვევაში კი წვეთების ირგვლივ სითხე მაშინვე შესამჩნევად, მოთეთროდ შეიმღვრევა.

მექანიკური მინარევების არსებობის შესამოწმებლად პატარა ჭურჭელში აიღეთ თაფლის სინჯი, დაუმატეთ მდუღარე ან დისტილირებული წყალი და მოურიეთ. ნატურალური თაფლი მთლიანად იხსნება და ხსნარი გამჭვირვალე ხდება, უხსნადი დანამატების არსებობისას კი (ფალსიფიცირებისთვის) ხსნარის ზედაპირზე ან ნალექში მექანიკური მინარევები გამოჩნდება.

recognize-good-honey-7ტრადიციულად, თაფლის ღია ფერის სორტები საუკეთესოდ მიიჩნევა, თუმცა ეს მოსაზრება ყოველთვის სამართლიანი არ არის. მუქი ფერის, მაგალითად, წიწიბურას თაფლში ღია ფერის თაფლზე გაცილებით მეტი რკინა, გოგირდი, მარგანეცი და სხვა ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნივთიერება შედის.

მთლიანობაში, ყველა სორტის ნატურალური თაფლი ერთნაირად სასარგებლო და საჭიროა ჯანსაღი კვებისთვის. სხვადასხვა სახის თაფლი ერთმანეთისგან გემოთი და გარეგნული იერსახით განსხვავდება, სარგებელი კი დაახლოებით ერთნაირი აქვს.

მთავარია, თაფლი ფალსიფიცირებული ან ისეთ რაიონებში არ იყოს შეგროვილი, სადაც ჭარბად არის ტოქსიკური ნივთიერებები თავმოყრილი.

უნდა ვიცოდეთ, რომ მცენარეებზე მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებები თაფლში კონცენტრირდება. ფუტკრები მომწამლავი ნივთიერებების უმეტესობასთან მიმართებაში უგრძნობები არიან. ადამიანზე კი ამ ეს ნივთიერებებმა შეიძლება საკმაოდ მავნებელი, ზოგჯერ კი ლეტალური შედეგის მქონე მომწამლავი ზემოქმედებაც მოახდინოს. ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, რადგან თაფლის ყველა მავნებელ ნივთიერებაზე შემოწმება, ამ სიის სიდიდის გამო, არარეალურია.

მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ რაიონებში მოგროვილი თაფლი, როგორიცაა სამხედრო პოლიგონები, ქიმიური მრეწველობის ქარხნები, მსხვილი აეროდრომები, თბოელექტროსადგურები, რადიაციულად დაბინძურებული რაიონები, ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, სადაც ნათესების დამუშავება მაღალტოქსიკური მომწამლავი ქიმიკატებით ხორციელდება.

recognize-good-honey-5