honey-51

თაფლის სამკურნალო თვისებები

ადამიანის ორგანიზმში წარმოებული ენერგიის ნახევარზე მეტი საკვებთან ერთად მიღებული ტკბილი ნივთიერებების ხარჯზე წარმოიქმნება, თუმცა სიტკბოს სხვადასხვა სახეობას ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს. გლუკოზა სისხლში ყოველგვარი გარდაქმნების გარეშე ხვდება (გლუკოზის პირდაპირ სისხლში შეყვანა მრავალი დაავადების მკურნალობისას არის მისაღები), ჩვეულებრივმა შაქარმა  (ჭარხლის და ლერწმის) კი ფერმენტების დახმარებით ჯერ ჰიდროლიზის (გახლეჩვის) პროცესი უნდა გაიაროს.

ფრუქტოზას ორგანიზმი გლუკოზაზე გაცილებით ნელა ითვისებს, თუმცა ის გლუკოზაზე 2,5-ჯერ და ლერწმის ან შაქრის ჭარხალზე 1,75-ჯერ ტკბილია.

Honey-2თაფლი მთლიანად გლუკოზისა და ფრუქტოზის, ასევე რიგი ფერმენტების ნარევისგან შედგება, რომლებიც უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ცხოველქმედებისთვის არის აუცილებელი. თაფლის შემადგენლობაშია ასევე: კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ქლორი, ფოსფორი, იოდი, გოგირდი. თაფლის ზოგიერთი სახე რადიუმსაც კი შეიცავს.

საინტერესოა, რომ თაფლის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი მინერალური მარილის ოდენობა იმდენივეა, რამდენიც ადამიანის სისხლის შრატში. თაფლის სპექტრალური ანალიზი ადასტურებს, რომ თაფლში შედის ასევე მარგანეცი, ალუმინი, სილიციუმი, ბორი, ქრომი, სპილენძი, ლითიუმი, ნიკელი, სპილენძი, კალა, ტიტანი და თუთია.

Honey-4თაფლში არის ასევე ორგანული მჟავები – ვაშლის, ღვინის, ლიმონის, რძის და მჟაუნმჟავა, ასევე ცილები და ვიტამინები. მასში შედის ბიოგენური სტიმულატორები, რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედებასა და წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს.

თაფლში შედის B2, B6, H და K ვიტამინები, პანთოტენისა და ფოლიუმის მჟავა. მართალია, ამ ვიტამინების შემცველობა თაფლში ძალიან მცირეა, მაგრამ მათი მნიშვნელობა ამით არ კნინდება, რადგან ზემოთაღნიშნული ნივთიერებები ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან სხვა ნივთიერებებთან შედის რეაქციაში.

Honey-6ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თაფლის ანტიბაქტრიულ თვისებებს.

არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ძველი ეგვიპტელები და ბერძნები გვამების კონსერვაციისთვის ფუტკრის თაფლს იყენებდნენ. XII საუკუნის არაბმა ექიმმა და მოგზაურმა აბდალ-ლატიფამ გიზეს ერთ-ერთ პირამიდაში მჭიდროდ დახუფული თაფლიანი ჭურჭელი იპოვა, რომელშიც ჩვილის სრულიად უვნებლად შენახული გვამი იყო მოთავსებული.

Honey-7ცნობილია, რომ ლაშქრობისას დაღუპული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარიც მაკედონიის დედაქალაქში გადასასვენებლად თაფლში იქნა ჩადებული, რათა ხანგრძლივი გზის განმავლობაში მისი გახრწნისთვის შეეშალათ ხელი.

ასეთივე მეთოდი იქნა გამოყენებული უძველესი მეფეების აგეზიპოლისისა და აგეზილაის და იუდეის მეფის არისტობულის გვამების კონსერვაციისას.

Honey-8ძველი ბერძნები და რომაელები ფუტკრის თაფლს ახალი ხორცის კონსერვირებისთვისაც იყენებდნენ. ამ მეთოდით ხორცი არა მხოლოდ სიახლეს ინარჩუნებდა, თავის ბუნებრივ გემოსაც არ იცვლიდა. მხოლოდ თანდათანობით კარგავდა წყალს, რომელსაც თაფლი ისრუტავდა.

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებების შესწავლა თეთრ თაგვებზე ცდებით ხდებოდა, რომლებსაც სტრეპტოკოკით აინფიცირებდნენ. ცდებმა დაადასტურა, რომ თაფლის სახვევის გამოყენება ბაქტერიების ზრდას აჩერებს და საბოლოოდ ანადგურებს მათ.

Honey-5ამ მოვლენას სხვადასხვა განმარტება მიეცა. ზოგი თაფლში არსებული შაქრისმაღალი კონცენტრაციით ხსნის მის ანტიბაქტერიულ თვისებას, ზოგი კი ფერმენტებისა და შაქრის შეხამებით. მკვლევართა კიდევ ერთმა ჯგუფმა თაფლში ანტბაქტერიული ნივთიერებები – ინჰიბიტორები (ლათინურ სიტყვიდან „ინჰიბიო“ – შეჩერება, ჩახშობა) აღმოაჩინა.

Honey-9საინტერესო ფაქტია, რომ მრავალი საკვები პროდუქტისგან განსხვავებით, თაფლი არასდროს ობდება. მიუხედავად მის შემადგენლობაში არსებული ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური და სხვა ნივთიერებებისა, რომლებიც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედის არსებობისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი, თაფლში სპეციალურად შეყვანილი ობის სოკოები იღუპება.