19

ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი

19

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 800 მლ თეთრი ღვინო
  • 6 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი
  • 6 ს.კ. ზეთი

ინგრედიენტები მარინადისთვის:

  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ტომატი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. ტკბილი მდოგვი
  • 5-6 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • მარილი
  • 3 ს.კ. ზეთი

მომზადება:

ამ რეცეპტით მომზადებული ხორცი ძალიან ნაზი გამოდის, თუმცა ერთი მინუსი აქვს – მზადების პროცესი საკმაოდ დიდხანს, 2 საათზე მეტხანს გრძელდება, ხორცი კი მარინადში 8-10 საათი მაინც უნდა იყოს.

მოამზადეთ მარინადი: ხახვი დაჭერით 5-6 ნაწილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაში. ხორცი დაჭერით 5 სმ სიგრძის ნაჭრებად. ტომატი, არაჟანი, მდოგვი, ძმარი, წიწაკა და მარილი ათქვიფეთ. ნარევი დაასხით ხორცის ნაჭრებს და კარგად შეაზილეთ. მოშუშული ხახვიც ზეთიანად გადაიტანეთ ხორციან ჭურჭელში და კარგად აურიეთ. ხორცი შედგით მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.

ქვაბში ჩაასხით ღვინო, 3 ს.კ. ზეთი და წამოადუღეთ. ჩაალაგეთ ხორცის ნაჭრები (ხახვის გარეშე) და მოშუშეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.  ქვაბი თავდახურული უნდა იყოს. ხანდახან მოურიეთ.

როდესაც ღვინო მთლიანად ამოშრება ხორცს მოასხით 6 ს.კ. ზეთი, მაქსიმუმამდე გაზარდეთ ტემპერატურა და შებრაწეთ 5-6 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ, რომ არ დაიწვას.

ხორცი გადმოიღეთ თეფშებზე, მოაყარეთ ცოტა მარილი და ხელით დაჩეჩეთ.

ასე მომზადებულ ხორცს ძალიან უხდება პომიდვრის საწებელა ან ცოცხალი პომიდვრის სალათი🙂

გემრიელად მიირთვით!