1

კლასიკური “ჟულიენი”

1

ჟულიენი, როგორც ტერმინი, ფრანგული სამზარეულოდან მომდინარეობს და ნიშნავს ბოსტნეულის დაჭრის მეთოდს მისი შემდგომი დამუშავებისთვის – იგულისხმება გრძელ, წვრილ ნაჭრებად დაჭრა მათი მომზადების პროცესის დაჩქარებისა და კერძის უფრო ნაზი კონსისტენციის მიღებისათვის.

დროთა განმავლობაში ტერმინმა თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და ამჟამად „ჟულიენი“ მხოლოდ კერძის სახელწოდებად მოიაზრება – გულისხმობენ ყველთან ერთად გამომცხვარ სოკოს პორციულ ჭურჭელში. მას მიირთმევენ, როგორც ცხელ აპეტაიზერს ძირითად კერძამდე.

პორციული ჭურჭელი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სილიკონის, კერამიკის ან შუშის ცეცხლგამძლე ჭურჭელი. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის ნატურალური თიხის ქოთნებში, თუ ისინი შიგნიდან არ არის დამუშავებული.

სასურველია ჭურჭელი დიდი არ იყოს – მხოლოდ 100 მლ ტევადობის.

ჟულიენის რეცეპტები ძალიან ბევრია. ძირითად ინგრედიენტებს შეიძლება დაამატო სხვადასხვა კომპონენტი, მაგალითად, ქათამი, სხვადასხვა სახის ხორცი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და სანელებლები. თუმცა მთავარ შემადგენელ ნაწილად აუცილებლად დარჩება სოკო, ხახვი, ბეშამელის  ან ნაღების სოუსი და ყველი.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ქამა სოკო;
  • 1 დიდი ხახვი;
  • 400 მლ. რძე;
  • 100 გრ მაგარი ყველი;
  • 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი;
  • 50 გრ. ნაღების კარაქი;
  • მზესუმზირის ზეთი;
  • შავი პილპილი;
  • მუსკატის კაკალი;
  • მარილი.

მომზადება:

სოკო გარეცხეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად; 1 ხახვი გაწმინდეთ და წვრილად დაჭერით; მაგარი ყველი (მაგალითად, პარმეზანი) გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტა ზეთი და დაალაგეთ სოკო. როდესაც წყალს გამოუშვებს, დაამატეთ ხახვი, მარილი, შავი პილპილი. კარგად აურიეთ და  დადგით მოსაშუშად საშუალო ტემპერატურაზე.

გაადნეთ ნაღების კარაქი და დაუმატეთ ფქვილი. კარგად აურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით რძე და მუდმივად ურიეთ, რომ ფქვილი არ შეიკრას.

მიიყვანეთ სოუსი ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ცოტა (დანის წვერით) დანაყილი მუსკატის კაკალი და კარგად აურიეთ.

ჟულიენის ფორმებში ჩააწყვეთ სოკო. დაამატეთ ცოტ-ცოტა გახეხილი ყველი და კარგად მოურიეთ. ჩაასხით სოუსი ისე, რომ სოკო დაიფაროს. ზემოდან ისევ მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გამოაცხვეთ ჟულიენი 180 გრადუს ტემპერატურამდე გახურებულ აირღუმელში 15-17 წუთის განმავლობაში.