sushi-3

როგორი უნდა იყოს ნამდვილი სუშის ნაკრები

sushi-3იაპონურმა სამზარეულომ მსოფლიო დაიპყრო – ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რესტორნების რაოდენობით, სადაც კლიენტებს სუშის სთავაზობენ და ასევე მისი სხვადასხვა ასორტიმენტის გამოგონებით. წარმოიდგინეთ, რომ სუშის ნახევარფაბრიკატებიც კი იყიდება. გასაოცარია, რა მასშტაბით გავრცელდა სუში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამიტომაც თანდათან აქტუალური ხდება არა მხოლოდ ადგილები, სადაც სუშის მირთმევა შეიძლება, არამედ მისი მომზადებაც, რათა იაპონური სამზარეულო კულტურის ამ ორიგინალური კერძით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. თუ სუშის მომზადება წესების დაცვით განიზრახეთ, სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე იოლად ვერ გახვალთ.

სადილის ჭურჭელი ფილოსოფიური ფსკერით

sushi-5იაპონიაში უმიზეზოდ არაფერი ხდება და ერთი ნივთიც კი მხოლოდ უბრალო ნივთი არ არის. იაპონური კულტურის უნიკალურობაც, რაც ასე იზიდავს დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლებს, სწორედ ისაა, რომ იაპონელების ცხოვრების ყველა მომენტი მათი რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენის ანარეკლია.  განკერძოებული და იმავდროულად, გარე ზეგავლენისადმი მგრძნობიარე განვითარების ათასწლოვან პერიოდს ფუჭად არ ჩაუვლია – ჩამოყალიბდა რელიგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისების გასაოცარი შენადნობები, რომელთა განსხეულებასაც იაპონელთა შექმნილ ყველა ნივთში, მათ შორის, სასადილო მოწყობილობაშიც კი იპოვით.

gj20508_Girl_Sushiპირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სასადილო ჭურჭელს იაპონელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავად საკვების მიღების პროცესი მათთვის რიტუალია. სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ყოველი ქმედება სხვა ქმედების შედეგია და შემდეგ ქმედებას განაპირობებს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით სასიცოცხლო ციკლის ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორიც კვებაა, იაპონელებისთვის წმინდა და ხელშეუხებელია. შესაბამისად, მათთვის სასადილო ჭურჭელიც რიტუალური ნივთებია.

sushi-4წარმოუდგენელია, რომ სუშის ნაკრებში თეთრი ფერის ნივთი ერიოს – ეს იაპონიაში სამგლოვიარო ფერია და სიკვდილთან სიმბოლიზდება, ამიტომაც ჩვეულებრივ ტრაპეზში თეთრის გარევა დაუშვებელია. ასევე შემთხვევითი არ არის, რომ იაპონურ ოჯახებში სუფრის ჭურჭელში იდეალური სიმეტრია თითქმის არასდროსაა დაცული, რადგან იაპონელები ბუნებრიობისა და ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების გამეორებისკენ ისწრაფვიან. ყოველი ნივთის განუმეორებლობა და ორიგინალურობა მისი ფასეულობის ნიშანია. ამიტომაც სუშის ჩინეთში წარმოებული, სტანდარტული ნაკრებები იაპონელებისთვის პრაქტიკულად შეურაცხყოფაა. განსაკუთრებით თუ ეს ჭურჭელი პლასტმასის – აბსოლუტურად უსიცოცხლო მასალისგან მზადდება. და ბოლოს, იაპონელები შეშლილები არიან ცერემონიების დაცვაზე და თითოეული ტრაპეზის, მათ შორის, სუშის მირთმევისთვის, ათამდე სასადილო მოწყობილობაა გათვალისწინებული. ამიტომაც დღეს გავრცელებული სუშის სასაჩუქრე ნაკრებები, რომელშიც სულ რამდენიმე ერთეული ნივთია, იაპონური სუში-ტრადიციებისგან საკმაოდ შორს იმყოფება.

თეფში თითოეული ნამცეცისთვის

sushi serving setიაპონიის ფარგლებს გარეშე შეიძლება შეხვდეთ სუშის ნაწილობრივ სასაჩუქრე და ნაწილობრივ პრაქტიკული გამოყენების ნაკრებებს, რომლებიც დიდი თეფშის, ხის ჯოხების, რამდენიმე ცალკეული თეფშისა და სოიოს სოუსისთვის განკუთვნილი ორი ლამბაქისგან შედგება. ზოგჯერ ამ ნაკრებს ბამბუკის პატარა ჭილოფიც მოყვება მათ დასალაგებლად. სუშის არატრადიციულად დამზადებულ ნაკრებებში სხვადასხვა ფერის ნივთებია, რაც იაპონურ კულტურას ეწინააღმდეგება. საკვების მისაღებად განკუთვნილი ჭურჭელი, იაპონური ტრადიციით, ფერის ერთ გამაში უნდა იყოს გადაწყვეტილი.

sushi-1თუ სუშის ნამდვილ ნაკრებზე ვილაპარაკებთ, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის ტრადიციებს სრულად შეესაბამება, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ცერემონიის უმთავრესი შემადგენელი ინგრედიენტებია. სუში იაპონელისთვის ნამდვილი და ჭეშმარიტი არ იქნება, თუ ორიოდე ათეულიდან ერთი ინგრედიენტი მაინც აკლია. მაგალითად, სამი ტიპის წყალმცენარე, სოიოს ყველი, განსაკუთრებული ჯიშის ზეთისხილი, სოიოს დამარილებული პარკები და ასე შემდეგ. თუმცა სუშის გაკეთებისას ყველა ბოლო წვრილმანამდე რომ იცავდეს იაპონურ ტრადიციებს, მსოფლიოს სუში-ბარების უმრავლესობა უკვე დიდი ხნის დაკეტილი იქნებოდა. ამრიგად, თუ სუშის ნაკრებში სასადილო ჭურჭელის აუცილებელი ნივთების ნაწილი მაინც არის, უკვე საკმაო საფუძველი გვაქვს, ეს ნაკრები ხარისხიანად მივიჩნიოთ.

sushi-6სუშის ნაკრები შემდეგი ნივთებისგან შედგება:

  • ხის ჯოხები (ჰაში)
  • ჯოხების ჩასადები (ჰაშიოკი)
  • როლების სადგამი (ტამაკი-დან)
  • სუშის ჯამი (სუშიოკე)
  • თეფში საშიმისთვის სოუსის ჩასასხმელით (საშიმიზარა)
  • „ნავი“ საშიმის სუფრაზე მისატანად (საშიმი ბუნ)
  • ჯამი სოუსისთვის (სიურეზარა)
  • ჯამი სალათისა და ბოსტნეულისთვის (კოზარა და კობაჩი)
  • თეფში დესერტისთვის
  • თეფში სუპისთვის (შირუ-ვან)
  • ფინჯანი ჩაისთვის (იუნომი)
  • ფინჯანი საკესთვის (ოჩოკო)

გემრიელ სუშის გისურვებთ :)

sushi-7