45

ცომი ლუდით

45

ლუდის გამოყენებით დამზადებული ცომი ძალიან რბილი და ფუმფულა გამოდის, საკმაოდ სწრაფად და იოლადაც კეთდება. შეიძლება გამოიყენოთ პიცისთვის, სხვადასხვანაირი ღვეზელისთვის, კრეკერებისთვის. ეს ცომი შეიძლება 2-3 დღით შეინახოთ მაცივარში (საყინულეშიც შეიძლება) და როცა დაგჭირდებათ, გამოიყენოთ.

ინგრედიენტები: 

  • 200 მლ ლუდი
  • 200 გ მარგარინი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ფქვილი – რამდენსაც ცომი შეიზელს

მარგარინი 20 წუთით შედეთ საყინულეში.

300 გ ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ამოავლეთ მასში მარგარინი და დანით ჩაათალეთ (ისე, როგორც ქადის კეთების დროს).

როდესაც მარგარინს მთლიანად ჩააჭრით, ხელით კიდევ დაფშვენით და გააფხვიერეთ. 

მარგარინიანი ფქვილი ჩაღრმავეთ, ჩაასხით ლუდი და კარგად მოზილეთ. მოზელვის დროს ნელ-ნელა კიდევ ჩაამატეთ ფქვილი, სანამ ცომი კარგად არ შეიკვრება.

ცომი მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. ამის შემდეგ ლუდით დამზადებული ცომი მზადაა გამოსაყენებლად.