chocolatefondueimage

შოკოლადის ფონდიუ

ტერმინი ფონდიუ წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან fondre, რაც დნობას ნიშნავს. ფონდიუ დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური დესერტია.

ფონდიუს მირთმევის პროცესი რიტუალივითაა, რომელიც აუჩქარებელ, მშვიდ საუბარს „ეხმარება“. შოკოლადის ფონდიუ რომანტიკული საღამოსთვის ყველაზე შესაფერისი დესერტია.

8

კლასიკური ფონდიუს ძირითადი კომპონენტი ყველია, შოკოლადის ფონდიუს მთავარი ინგრედიენტები კი – შოკოლადი და ნაღები. ყველაზე ხშირად შოკოლადის ფონდიუს მოსამზადებლად მწარე შოკოლადი (ის გაცხელებისას ყველაზე პლასტიურია) გამოიყენება, თუმცა, შეგიძლიათ რძიანი ან თეთრი შოკოლადითაც მოამზადოთ.

16

მომზადებულ შოკოლადს შეურევთ ნაღებს და ორთქლზე იქამდე გააცხელებთ, სანამ შოკოლადი და ნაღები მთლიანად არ შეერევა ერთმანეთს. ესაა ძირითადი მასალა, რომელზეც ექსპერიმენტები იქამდე შეგიძლიათ ატაროთ, სანამ არ მოგბეზრდებათ.

ახლა კი კლასიკური შოკოლადის ფონდიუს რეცეპტი ინგრედიენტების უბრალო ნაკრებით.

ინგრედიენტები:

150 გ მწარე შოკოლადი

150 გ 33%-იანი ნაღები

ხილი ან ბისკვიტი.

მომზადება:

შოკოლადის ფონდიუში ინდენად ცოტა ინგრედიენტებია, თითქოს ყველაფერი ძალიან იოლი უნდა იყოს, მაგრამ ყველა კერძის მომზადებას თავისი ნიუანსები აქვს და გამონაკლისი არც ფონდიუა.

პირველი ნიუანსი: დაასხით დატეხილ შოკოლადს ცივი ნაღები და ერთად მიიყვანეთ ადუღებამდე ორთქლზე და არა პირდაპირ ცეცხლზე. თუ შოკოლადს პირდაპირ ცხელ ნაღებს დაასხამთ, სქელ, მწებარე მასას მიიღებთ, ნაღები კი შესაძლოა აიჭრას. მომზადებას 2-3 წუთი სჭირდება. სასურველია ამ დროს შოკოლადიან მასას მუდმივად ურიოთ.

მეორე ნიუანსი: ყველის ფონდიუ იმავე ჭურჭლით შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს, რომელშიც მოამზადეთ, შოკოლადის ფონდიუ კი მზადდება ორთქლზე, ემალის ჯამში, ხოლო სუფრაზე აუცილებლად თიხის ჭურჭლით უნდა მიიტანოთ, რადგან ძალიან ცხელ ფონდიუს არ აქვს შოკოლადის მაგიური არომატი. ამიტომაც გამზადებული შოკოლადის ფონდიუ მაშინვე უნდა გადაასხათ თიხის ჭურჭელში, რომელიც ქვემოდან სანთლით თბება. ამგვარად ჭურჭელი მუდმივ ტემპერატურას შეინარჩუნებს და შოკოლადი არ გამაგრდება.

14

მესამე ნიუანსი: ალკოჰოლი. შოკოლადის გემოს „შესავიწროვებლად“ და უფრო გაჯერებული არომატის მისაცემად ფონდიუს რამდენიმე კოვზი ლიქიორი ან კონიაკი უნდა დაუმატოთ.

სპირტის სუნმა შოკოლადის სუნი სულ რომ არ „ჩაყლაპოს“, ალკოჰოლი შოკოლადის ადუღების საწყის მომენტში უნდა ჩაუმატოთ. დუღილისას სპირტის სუნი ქრება და ფონდიუ მხოლოდ კონიაკის ან ლიქიორის მსუბუქ სურნელს შეინარჩუნებს.

გამზადებულ შოკოლადის ფონდიუსთან ერთად სუფრაზე ცალკე თეფშით ხილი, ბისკვიტი და თხილეული უნდა მიიტანოთ და აუცილებლად სპეციალური ჩანგლები.

ხილის სახეობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. განსაზღვრა კი, რა ხილი აჯობებს, მარტივად შეგიძლიათ, უბრალოდ გაიხსენეთ, რომელი შიგთავსით გიყვართ შოკოლადის კანფეტები.

იდეალური კომბინაციები: ბისკვიტი, ფორთოხალი, მსხალი, მსუბუქი ზეფირი ან მარშმელოუ მწარე შოკოლადის ფონდიუსთან; შავი ქლიავი, ნიგვზიანი ბისკვიტი – რძიანი შოკოლადის ფონდიუსთან, კივი, ბანანი და ანანასი კი თეთრი შოკოლადის ფონდიუსთან. რაც შეეხება მარწყვს, ის ყველა ტიპის შოკოლადის ფონდიუს უხდება.

??????

თუ ბავშვებისთვის დაბადების დღის გამრავალფეროვნება გინდათ, ფორთოხლის ლიქიორის ნაცვლად შოკოლადში ფორთოხლის სიროფი დაამატეთ – ციტრუსისა და შოკოლადის ერთობლივი არომატი საზეიმო განწყობას ქმნის :)

უფროსებისთვის კი ფონდიუ რომანტიკული ვახშმის შესანიშნავი დამატებაა. შეგიძლიათ ითამაშოთ კიდეც, მაგალითად, სურვილების შესრულებაზე. პირველი, ვისაც შოკოლადში, ხილი ჩაუვარდება მთელი კომპანიის სურვილებს შეასრულებს :)

შოკოლადის ფონდიუ არა მხოლოდ გემრიელი, მოდური და სასარგებლო, არამედ მხიარული საჭმელიცაა.

4

One thought on “შოკოლადის ფონდიუ”

Comments are closed.