4-addicted1

როგორ ვთქვათ უარი ედიქტურ ქცევაზე

1-addicted

ზედმეტი წონით შეწუხებული ადამიანები საკვების უზომო რაოდენობით მიღების შედეგად, ბოლოს და ბოლოს, მასზე დამოკიდებულნი ხდებიან.

ზუსტად ასევე დამოკიდებულია ლოთი – ალკოჰოლზე, ნარკომანი – ნარკოტიკულ პრეპარატებზე, მწეველი – თამბაქოზე და ა.შ. ასეთ დამოკიდებულებას ეწოდება ედიქტური (ინგლისური სიტყვიდან to addict ) – ესაა ქცევა, რომლიც ხასიათდება სხვადასხვა ნივთიერებების მიღებისა და საქმიანობის გარკვეულ სახეობაზე ყურადღების მუდმივი ფიქსაციის მეშვეობით ემოციური მდგომარეობის შეცვლით, რაც საბოლოოდ რეალობისგან გაქცევის მცდელობას ემსახურება.

5-addicted

ჩვენს შემთხვევაში ნივთიერებასა და საქმიანობის გარკვეულ სახეობაში საკვები და უზომო ჭამა იგულისხმება. საკვების უზომოდ მოხმარების პროცესი და მასზე დამოკიდებულება, ისეთ მასშტაბებს იღებს, რომ ადამიანის ცხოვრების განკარგვას იწყებს, მას აქცევს უმწეო არსებად და ედიქციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნებას ართმევს.

11-addicted

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ედიქციის პრობლემას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 80-იანი წლების ბოლოს სპეციალური მიმართულება გაჩნდა – ედიქციის ფსიქოლოგია და ფსიქიატრია.

სავსებით ბუნებრივია, რომ მთლიანად საზოგადოებისთვის ედიქტური ქცევის ყველა ფორმა შედეგებით ერთმნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ნარკომანიასა და უზომო ჭამას ერთმანეთს პირდაპირ ვერ შევადარებთ. თუმცა დამოკიდებულების ამ ვარიანტების ფესვები შეიძლება ძალიან ახლოსაც კი იყოს ერთმანეთთან ან სულაც ერთი საწყისი ქონდეს.

ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტი, ნაბახუსევზე ალკოჰოლის პირველი დოზის მიღებისთანავე მნიშვნელოვან შემსუბუქებასა და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას გრძნობს. ასევე, ჭამაზე დამოკიდებულ ადამიანსაც საკვების მიღების შემდეგ განწყობა კარგი მიმართულებით ეცვლება. ისევე როგორც ალკოჰოლიკებს ეშინიათ სპირტიანი სასმელის გარეშე დარჩენის, მჭამელებიც უზომოდ ტენიან მაცივარს, ვაი და, საჭმელი გაუთავდეთ?!

6-addicted

ჩვეულებრივ პირობებში, ნორმალური ტანადობის მქონე ადამიანები არა მხოლოდ დანაყრებისთვის ჭამენ, არამედ სიამოვნების, კომფორტის შეგრძნების მიღებისთვისაც. უზომოდ მჭამელი ადამიანისთვის კი საკვები რაღაც განდიდებულ მნიშვნელობას იძენს -საკვების მიღების მეშვეობით ისინი თავიანთ ემოციურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ.

დგება ემოციური კომფორტის  შემცვლელი ცრუ მდგომარეობა, ერთგვარი ილუზორული სტაბილურობა. საჭმელი კარგავს მკვებავ ფუნქციას და „ედიქტური მჭამელისთვის“, კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, ემოციური აღგზნების ან დამშვიდების საშუალებად იქცევა.

თანდათანობით გარშემომყოფი ადამიანებისადმი, სხვა საქმიანობისადმი ინტერესიც ქრება. ნაწილობრივ, ამაში დამნაშავე მსუქანი ადამიანის კომპლექსია. აი, რას ამბობს ჭარბი წონით დაავადებული ადამიანი: „წონის მატებასთან ერთად, თანდათანობით გავაცნობიერე, რომ გამხდარი ადამიანები, მათი საქმიანობა და გართობები მაღიზიანებს, მაღიზიანებს ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება და ნამდვილი სიმშვიდე მხოლოდ საკვების მიღების დროს და ამ პროცესის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მეუფლება“.

2-addicted

ედიქცია, ამ შემთხვევაში უზომოდ ჭამა, რეალური ცხოვრებისგან გაქცევის უნივერსალურ მეთოდად იქცევა. საკვების მიღების პროცესში ემოციური მდგომარეობის ცვლილება შინაგანი კეთილდღეობის ილუზიას ქმნის. მაგალითად, ასეთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს და ღრმად იყოს დარწმუნებული, რომ საჭმელი მისთვის დამშვიდების ერთადერთი საშუალებაა და რომ ის ნევროზის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს და  უფრო მშვიდობისმოყვარე პიროვნებად ქცევაში ეხმარება.

ერთი შეხედვით, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება ისეთ ჯავშანს ქმნის, რომლის გარღვევაც არც ისე ადვილია, ის თითქოს იცავს ადამიანს სხვადასხვა უსიამოვნებებისგან, ჯავშნის შიგნით ისეთი სიმშვიდე და კეთილდღეობაა. მაგრამ ეს – მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა!

3-addicted

ზემოთაღწერილიდან გამომდინარე, სავსებით ნათელია, რომ ზედმეტი წონის მქონე ადამიანებისთვის საკვები არაფერია, თუ არა მავნე მიდრეკილება. აი, მთავარ საკითხსაც მივუახლოვდით: რითი შეიძლება შევცვალოთ ეს მავნე მიდრეკილება? პასუხი თითქოსდა აქვეა – სხვა მიდრეკილებით, რომელიც ემოციური მნიშვნელობით და არსით ჭამას არაფრით ჩამორჩება.

4-addicted

ადამიანის სულიერ მდგომარეობას საკმაოდ გამთლიანებული სტრუქტურა აქვს და საკვებისადმი მიდრეკილებაც პიროვნების რაღაც ნაწილს მოიცავს. ამ შემთხვევაში, თუ თქვენ დღის წესრიგიდან ჭამას თითქმის მთლიანად ამოიღებთ და მას არაფრით ჩაანაცვლებთ, სტრუქტურა დაირღვევა და მთლიანობა გაქრება.

წარმოიდგინეთ ფაზლი, რომელიც ათასობით დეტალისგან ააწყვეთ და ბოლოს აღმოაჩინეთ, რომ ერთი დეტალი აკლია. სურათი მთლიანობას დაკარგავს მიუხედავად იმისა, რომ მას ათასიდან მხოლოდ ერთი, ერთადერთი დეტალი აკლია და მზერას სწორედ ის ნაკლული ადგილი მიიტაცებს. პიროვნების სტრუქტურაში კი ჭამას გაცილებით მეტი ადგილი უჭირავს, ვიდრე ფაზლის ერთ დაკარგულ დეტალს.

საკვების მიღება უამრავ სასიამოვნო ემოციას აღძრავს, შესაბამისად, მისი შემცვლელიც მსგავსი ხასიათის, ანუ სიამოვნების მომტანი უნდა იყოს. შეიძლება ეს გახდეს ახალი გატაცება რაიმეთი ან ვინმეთი – გახდომის ერთ-ერთი უმარტივესი და ქმედითი ფორმულა სიყვარულია, რომლის გამოც ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია.

ამ დროს სასარგებლოა შემოქმედებითი შესაძლებლობების აღმოჩენის მიმართულებით მუშაობა. ფარული შემოქმედებითი უნარი ყველა ადამიანის შიგნით იმალება და იქნებ ღირდეს მათი ზედაპირზე წამოწევა, რაც საკვების მიღებაზე არანაკლებ სიამოვნებას მოგიტანდათ?!

დაფიქრდით, რა შემოქმედებითი პოტენციალს მალავს თქვენი ცხიმოვანი ფენა? მათი აღმოჩენა იოლად მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. სიამოვნების მიღების სხვადასხვა ვარიანტების ჩამოთვლა აქ აზრს მოკლებულია, რადგან ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია და ყველამ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს.

9-addicted