მარშმელოუ ჩვენში გავრცელებულ ზეფირს წააგავს, თუმცა გაცილებით ნაზი და სასიამოვნო ტკბილეულია.
ის შედგება შაქრის ან სიმინდის სიროფის, ჟელატინისა და არომატიზატორებისგან, რომლებიც ღრუბელივითაა ათქვეფილი.
ზეფირთან გარეგნული და გემოს მსგავსების მიუხედავად, მარშმელოუ სრულიად განსხვავებული რამაა – ის არ შეიცავს კვერცხის ცილას და ზოგიერთ სხვა ინგრედიენტს, რომლებიც ზეფირის მოსამზადებლად გამოიყენება.
თავად სახელწოდება marsh mallow ითარგმნება როგორც ჭაობის ბალბა, იგივე ალთეა.
საუკუნეების წინ მარშმელოუს სწორედ ალთეას ფესვისგან მიღებული წებოვანი, ჟელესმაგვარი თეთრი მასისგან ამზადებდნენ, რომელიც დროთა განმავლობაში ჟელატინითა და სახამებლით შეიცვალა.
თანამედროვე ჰაეროვანი მარშმელოუ პირველად აშშ-ში გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა. მისი გამოშვება კომპანია Kraft-მა დაიწყო.
აშშ-სა და ევროპაში მარშმელოუს პატარა ნაჭრებს სალათებს, დესერტებსა და ნაყინს უმატებენ, ასევე იყენებენ ღვეზელების გასაფორმებლად. მარშმელოუსგან მომზადებულ პასტას (მასტიკა) ნამცხვრებისა და ტორტების მოსართავადაც იყენებენ. მას ხშირად მიირთმევენ ყავასთან ან ცხელ კაკაოსთან ერთად.
მარშმელოუს მირთმევის ყველაზე ცნობილი მეთოდი ამერიკაში ტყეში პიკნიკის დროს მისი კოცონზე შეწვაა.
სითბური ზემოქმედების შედეგად მარშმელოუს კუბები სასაცილოდ იბერება, გარედან მოოქროსფრო მოყავისფრო გარეკანით იფარება, გული კი რბილი, წელვადი და ნაზი კრემისებური უხდება. თუმცა შეწვა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია – მარშმელოუ მხოლოდ ოდნავ უნდა მოატაროთ ცეცხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად დაიწვება.
ამჟამად მარშმელოუ პაკეტებით იყიდება.
უმეტესად თეთრი ფერისაა, თუმცა, გვხვდება ვარდისფერი, ყვითელი და სხვა ფერებიც.
ასევე არსებობს მარშმელოუ შოკოლადის მინანქრით, თხილით ან კაკლით და არომატული დანამატებით. დიდი და პატარა, მრგვალი და კვადრატული.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტკბილეული ჩვენს სუპერმარკეტებშიც შემოვიდა იყიდება საკმაოდ დაბალ ფასად – 1 პაკეტი 3-დან 5 ლარამდე ღირს.
მარშმელოუ თავიდან წამლად გამოიყენებოდა. ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული მარშმელოუს ანუ სამკურნალო ალთეას (ლათინურად Althaéa officinális) ფესვების ექსტრაქტს თაფლთან ერთად ანგინის სამკურნალოდ იყენებდნენ. მედიცინაში ამ მცენარის სხვა ნაწილების ნახარშიც გამოიყენებოდა.
ასევე ალთეას წვენს ტკბილეულის დასამზადებლად იყენებდნენ და თაფლსა და კაკალთან ურევდნენ. სხვა უძველესი რეცეპტის მიხედვით, გამოიყენებდნენ არა ალთეას წვენს, არამედ ფესვს, რომელსაც წმენდნენ და შაქრის სიროფთან ერთად ხარშავდნენ. შემდეგ წვენს აშრობდნენ და გამოდიოდა რბილი, წელვადი ტკბილეული, რომელიც დიდხანს უნდა ეღეჭათ.
მოგვიანებით შეიქმნა რეცეპტის ფრანგული ვერსია, რომელსაც pâte de guimauve (ან უბრალოდ guimauve) უწოდეს.
ეს საკონდიტრო ნაწარმი საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში, პატარა საკონდიტროებში მზადდებოდა და ძალიან პოპულარული იყო. თუმცა მისი დამზადება ძალიან რთული იყო, რადგან ალთეას ფესვიდან წვენის გამოწურვას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. შესაბამისად ის ძალიან შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა.
კანფეტების ფრანგმა მწარმოებლებმა XIX საუკუნეში ტკბილეულის მომზადების წესში რამდენიმე სიახლე შეიტანეს. მისი ერთ-ერთი შემადგენელი კვერცხის ცილა იყო და ხშირად ვარდის წყალსაც ურევდნენ. Pâte de guimauve მეტ-ნაკლებად წააგავს თანამედროვე მარშმელოუს, რომლის შემადგენლობაშიც ალთეა უკვე აღარ არის.
XIX საუკუნის ბოლოს ფრანგმა კონდიტერებმა მოძებნეს მარშმელოუს დამზადებაში არსებული სირთულეების გადალახვის გზა და დაიწყეს კვერცხის ხილის ან სიმინდის სახამებელთან შერეული ჟელატინის გამოყენება საჭირო კონსისტენციის მისაღებად.
კიდევ ერთი ეტაპი მარშმელოუს თანამედროვე რეცეპტამდე: ამერიკელმა ალექს დოუმაკმა Alex Doumak 1948 წელს ექსტრუზიის მეთოდი გამოიგონა, რამაც მარშმელოუს დამზადების პროცესის სრული ავტომატიზება გამოიწვია. დოუმაკმა პირველმა დაიწყო მარშმელოუს ცილინდრისებრი ფორმით დამზადება: ყველა ინგრედიენტი ტარდებოდა მილებში, ერეოდა და გამოდიოდა ცილინდრის ფორმის პროდუქცია, რომელიც შემდეგ იჭრებოდა და სიმინდის სახამებელსა და შაქრის პუდრაში ევლებოდა.
1961 წელს ალექს დოუმაკმა დააარსა კომპანია Doumak და მარშმელოუს წარმოების ზემოთ აღწერილი მეთოდიც დააპატენტა.
მარშმელოუს მომზადება რთული არ არის, თუ გაქვთ მისი სამი მთავარი შემადგენელი – შაქარი, წყალი და ჟელატინი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა სიმინდის სიროფის გამოყენება, თუმცა მისი შეცვლაც შეიძლება.
თუ მარშმელოუს სახლში მომზადება არ გეზარებათ, წაიკითხეთ რეცეპტი აქ.