bentozogadifriday

იაპონური ბენტო

bentozogadifriday7

ბენტო (弁当) იაპონური ტერმინია და ერთ პორცია შეფუთულ საკვებს ნიშნავს. ტრადიციულად, ბენტო ორი ნაწილისგან შედგება – პორციის ნახევარს შეადგენს  ბრინჯი, ხოლო მეორე ნახევარს – ცილოვანი პროდუქტი (თევზი, ხორცი, კვერცხი) და ბოსტნეული. ძალიან ხშირად ბენტო არა უბრალო სადილს, არამედ ხელოვნების ნიმუშს უფრო გავს, რაც ზოგადად დამახასიათებელია იაპონური სამზარეულოსთვის.

bentozogadifriday

ბენტო ფართოდაა გავრცელებული, როგორც სასკოლო სადილი მოსწავლეებისთვის. იაპონიაში მისი ყიდვა ყველა მარკეტსა თუ სპეციალურ მაღაზიაში შეიძლება, თუმცა, ბენტოს პროდუქტების შერჩევისა და დამზადების ხელოვნება ერთ-ერთი უმთავრესი რამაა, რაც იაპონელმა დიასახლისმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

bentozogadifriday2

ბენტოს კონცეფციის გაჩენას კამაკურას პერიოდს (1185-1333 წწ.) უკავშირებენ, როცა დამკვიდრდა მოხარშული და შემდეგ გამშრალი ბრინჯის მირთმევის ტრადიცია – ხოსი-ი, რაც სიტყვასიტყვით „მშრალ საჭმელს“ ნიშნავს. ხოსი-ის პატარა ჩანთებში ინახავდნენ და ჭამდნენ როგორც მშრალს, ისე მდუღარე წყალში ჩაყრილს. მოგვიანებით, მშრალი ბრინჯის ჩასადებად ხის პატარა ყუთების დამზადება დაიწყეს, ბენტოს კი უკვე ჩაისთან ერთად მიირთმევდნენ.

bentobox3

დროთა განმავლობაში ბენტო მთელ იაპონიაში ფართოდ გავრცელდა და მისი მომზადების კულტურაც დაიხვეწა. ბამბუკის ღერებისგან დამზადებულ ყუთებში მოთავსებული ბენტო მთავარი საგზალი იყო მეომრების, მოგზაურებისა და გლეხებისთვის. ასევე გაჩნდა ბენტოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილი, რომელსაც მანუკო-უტის უწოდებდნენ (ითარგმნება, როგორც შესვენების ბენტო ან ანტრაქტის ბენტო). ადამიანებს, რომლებიც ნოს ან კაბუკის თეატრის წარმოდგენის საყურებლად მიდიოდნენ, აუცილებლად მიჰქონდათ ბენტო, რათა სცენებს (მაკუ) შორის ეჭამათ. სხვადასხვა ტიპის ბენტოს მომზადების შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა.

bentozogadifriday3

XIX საუკუნეში პირველად დაიწყეს ეკიბენტოების ანუ სადგურის ბენტოების გაყიდვა და ევროპული სტილის ბენტოს მომზადებაც, რომელიც ტრადიციულ იაპონურ პროდუქტებთან ერთად, ბუტერბროდებსა და სენდვიჩებსაც მოიცავდა. ცოტა მოგვიანებით დამკვიდრდა ბენტოს ალუმინის ყუთებში მოთავსების ტრადიცია, რადგან ის იოლად ირეცხებოდა და თანაც ვერცხლის ყუთს წააგავდა.

bentozogadifriday5

XX საუკუნის დასაწყისში ბენტო სასკოლო სადილად მიიჩნეოდა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ხელისუფლებამ მისი სკოლებში მოხმარება აკრძალა: ბავშვები თავიანთ ბენტოებს ერთმანეთს ადარებდნენ და ხშირად კონფლიქტიც მოსდიოდათ. ამასთან, სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ბენტო დაბალანსებული კვებისთვის საჭირო ინგრედიენტებს არ შეიცავდა, რაც შეიძლებოდა უარყოფითად ასახულიყო ბავშვების ჯანმრთელობაზე.

bentozogadifriday8

ბენტომ პოზიციები მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში აღიდგინა მიკროტალღური ღუმელების წყალობით, რამაც მისი მომზადება გააიოლა. არაპრაქტიკული ლითონისა და ბამბუკის ყუთები პოლისტიროლის ერთჯერადი კონტეინერებით შეიცვალა. 2003 წელს ბენტოს გაყიდვა იაპონიის აეროპორტების რესტორნებშიც დაიწყო.

bentozogadifriday1bentozogadifriday4